საუდის არაბეთი უცხოელებისთვის უძრავი ქონების შესყიდვის პროცედურას ამარტივებს

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი უცხოელებისთვის უძრავი ქონების ბაზარს ხსნის. კერძოდ, უცხოელები უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვებას გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში შეძლებენ, ხოლო განსაკუთრებული პირობები წმინდა ქალაქებში, მექასა და მედინაში არსებულ უძრავ ქონებაზე გავრცელდება.

ინფორმაციას საუდის არაბეთის გაზეთი, Arab News ავრცელებს.

განახლებული სისტემა, რომელიც ახლახან ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა, 2026 წლის იანვრიდან არასაუდელ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სამეფოში უძრავ ქონებას ფლობდნენ.

საკუთრების მიღების მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცესი დიდ ქალაქებში, კერძოდ, ერ-რიადსა და ჯიდაში იქნება ხელმისაწვდომი.

ამჟამად საუდის არაბეთში უძრავი ქონების შეძენაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, უცხოელებისთვის საკუთრების უფლება გეოგრაფიულად შეზღუდულია, ხოლო უძრავი ქონების შესაძენად ქვეყნის მთავრობის სპეციალური ნებართვა არის საჭირო.

ხელისუფლების ცნობით, რეფორმის მიზანი უძრავი ქონების სექტორის ზრდის სტიმულირება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებაა.

ამასთან, საკუთრებაზე შეზღუდვები დაწესდება და უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში იქნება დაშვებული.

თუ რომელი გეოგრაფიული არეალები იქნება ღია უცხოური საკუთრებისთვის, ამას საუდის არაბეთის უძრავი ქონების გენერალური სამმართველო განსაზღვრავს. ახალი წესის სახელმძღვანელო პრინციპები კანონის გამოქვეყნებიდან 180 დღის განმავლობაში გახდება საჯარო, ხოლო სისტემა სრულად 2026 წლის იანვრისთვის ამოქმედდება.

რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესყიდვებს, სავალდებულო მოთხოვნებსა და განაცხადის წარდგენის დეტალურ პროცესს განსაზღვრავს.