UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდა - ცნობილია რა თანხა მიიღო თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

ილია თოფურია

ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით, UFC-ის ისტორიაში, ერთ ბრძოლაში მიღებული შემოსავლით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.

იქიდან გამომდინარე, რომ MMA-ის სპორტსმენთა შემოსავლები კომპლექსურად გამოითვლება, შედარებით დაზუსტებული ცნობები მხოლოდ ახლა, ბრძოლიდან რამდენიმე დღეში ვრცელდება.

Givemesport-ის ინფორმაციით, ოლივეირას დამარცხებისთვის, თოფურიას შემოსავალმა ჯამურად 3.54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. თავის მხრივ, მარცხის მიუხედავად, 1.32 მლნ აშშ დოლარი ერგო ოლივეირას.

ინფორმაციისთვის, MMA სპორტსმენების შემოსავლები დამოკიდებულია როგორც საბაზისო ჰონორარზე, ასევე სასპონსორო ბონუსებსა და საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობაზე. ამასთანავე, თანხას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილი.

შეგახსენებთ, ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში მე-10 მებრძოლია, რომელმაც საჩემპიონო ქამრის მოგება ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში შეძლო.

შედეგად, UFC-ის განახლებულ Pound for Pound რეიტინგში, ქართველ-ესპანელმა რუს ისლამ მახაჩევს პირველობა ჩამოართვა და ახლა, ყველა დივიზიონის ყველა წონითი კატეგორიის გათვალისწინებით, საუკეთესო მებრძოლის წოდება აქვს.