„ჩასაბარებელი ფასი 30-35 ლარია, მოთხოვნა დიდია“ - როგორია ფისტას მოყვანისა და წარმოების სპეციფიკა

ფისტა

„ჩასაბარებელი ფასი 30-35 ლარია, მოთხოვნა დიდია“ - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ სანერგის „ფისტას მეურნეობა“ დამფუძნებელი, ივანე ლელაშვილი.

ლელაშვილი აღნიშნავს, რომ ფსტას ბიზნესი საქართველოში საწყის ეტაპზეა და ფეხს მხოლოდ ახლა იკიდებს.

„ფსტის ბიზნესი ჩვენთან ფეხს მხოლოდ ახლა იკიდებს და საწყის ფაზაშია. ყველაფერს დრო სჭირდება, თუმცა ესპანეთის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 35 წელია რაც ეს საქმე დაიწყეს და უკვე საკმაოდ გამართული სტრუქტურის ჩამოყალიბება შეძლეს. ისინიც ჯერ კიდევ სწავლისა და შესწავლის პროცესში არიან, მაგრამ პარალელურად ბენეფიტებს უკვე იღებენ. საქართველოში 6-7 წელი გვჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი ვაჩვენოთ და ხალხი დარწმუნდეს, რომ ამ კულტურას პერსპექტივა ჩვენთანაც აქვს.

ჩვენს ბაღებშიც ასეა - სატესტოდ 1 ჰექტარზე გავაშენეთ, გასულ წელს ნიშანი მოგვცა, წელს კი 300-400 კგ-მდე ველოდებით. კიდევ გვაქვს 8 ჰექტარზე გაშენებული შედარებით ახალი ბაღი. სრულ მსხმოიარობაში, აღნიშნულ 9 ჰექტარზე 40 ტონამდე მოსავლის მიღება შეგვიძლია“, - ამბობს ფერმერი „ბიზნესპრესნიუსთან“.

ფერმერი, რომელმაც ამ კულტურის გარშემო გამოცდილება თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში მიიღო, ფსტას მოყვანის სპეციფიკასა და მასთან დაკავშირებულ დეტალებს გვიხსნის.

„ამ ეტაპზე, ჩასაბარებელი ფასი 30-35 ლარია, მოთხოვნაც დიდია, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში სათანადო რაოდენობით წარმოება არ ხდება, რომ თუნდაც ჩვენი ბაზარი დავაკმაყოფილოთ. ამის მიზეზი ისაა, რომ გრძელვადიანი საქმეა - დარგვა, მყნობა, მოვლა და სხვა აუცილებელი პროცესები 4-5 წელს მაინც მოითხოვს, ხოლო თუ არ დაამყნობ, კიდევ უფრო მეტი დრო დაგჭირდება. თავის მხრივ, მყნობის პერიოდიც რთული აქვს... გარდა ამისა, ძვირიანი და ხარჯიანი კულტურაა - საწყის წლებში, როცა ნაყოფი არ გაქვს ან ძალიან ცოტა რაოდენობით გაქვს, მოვლა მაინც საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასე რომ, რამდენადაც ფასეულია მისი ნაყოფი, იმდენად რთული და ძვირი მოსაყვანიცაა. სამაგიეროდ, ჰექტარზე გაშენებულ 400 ძირზე, სრული მსხმოიარობის პირობებში, 4-6 ტონის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი“, - აღნიშნავს სანერგის „ფისტას მეურნეობა“ დამფუძნებელი.