1775881683
აშშ-ირანის კონფლიქტის გამო 45 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება - კაცობრიობა სასურსათო კრიზისის ზღვარზე?!
მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე დგას. ეს აშშ-ირანის ომის შედეგია, რამაც ჰორმუზის სრუტის დაკეტვა გამოიწვია.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები სავალალო პროგნოზებს აქვეყნებენ, იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა და შეწყდება ენერგიის, საკვებისა და სასუქის ნორმალური ტრანსპორტირება.
დასავლურ მედიაში აქტიურად ქვეყნდება სტატიები მოსალოდნელი შიმშილის საფრთხის შესახებ. გაერო ღიად აცხადებს, რომ შიმშილის საფრთხე 45 მილიონზე მეტ ადამიანს ემუქრება.
ირანში ომის დაწყებიდან მალევე, Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია პოტენციური გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ.
სტატიის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ირანში ომმა გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთში შარდოვანას, გავრცელებული აზოტოვანი სასუქის, წარმოებაზე, რომელიც მილიონ ტონაზე მეტი სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი.
შაქრის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. კიდევ ერთი ძირითადი საკვები პროდუქტი, ხორბალი, ასევე გაძვირდა - 30 მარტს ფასმა ბუშელზე 6.05 დოლარს მიაღწია, რაც თვის დასაწყისიდან თითქმის 30 ცენტით მეტია.
ამ ყველაფერს კლიმატური პირობებიც დაემატება - 2027 წელს ელნინიოს ცვალებადობით გამოწვეული სიცხის ტალღა დაიწყება, რაც გვალვების გახანგრძლივებას და მოსავლიანობის შემცირებას გამოიწვევს. ეს უკანასკნელი კი ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედებს ბევრ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოებაზე.

ერთ-ერთი მთავარი საკითხია ინფრასტრუქტურის დაზიანებაც, რომლის აღდგენასაც სწრაფად ვერ მოხერხდება. საუბარია იმაზე, რომ გაზის მიწოდების სრულფასოვნად დაბრუნებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, რაც მსოფლიო ბაზარზე დეფიციტის და ფასების მერყეობის შენარჩუნებას გამოიწვევს.
ასევე ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, რომ ადრე სტაბილურ და სანდო მიმწოდებლებად მიჩნეული ქვეყნები, მათ შორის სპარსეთის ყურის რეგიონიდან, ახლა უკვე რისკის ზონაში განიხილებიან. ეს კი მყიდველი ქვეყნების მხრიდან უნდობლობას აჩენს და ალტერნატიული წყაროების ძიებას აჩქარებს.
ექსპერტები ასევე საუბრობენ ლოჯისტიკურ სირთულეებზე — უსაფრთხოების გაუარესების გამო ტანკერების გადაადგილება უფრო რთული და ძვირი ხდება. დაზღვევის ხარჯების ზრდა და ტრანსპორტირების რისკები დამატებით ზეწოლას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე.
კრიზისით ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის სახელდებიან შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, არგენტინა - მარცვლეულის ძირითადი ექსპორტიორები, რომლებიც შედარებით დაბალი დამოკიდებულებით გამოირჩევიან სასუქების იმპორტზე.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც კრიზისი ყველაზე მწვავედ შეეხება, არის: სუდანი (შიმშილობა უკვე დაფიქსირდა რამდენიმე რეგიონში), პალესტინა (ღაზა), იემენი, მალი და ავღანეთი. თუ კონფლიქტი გაგრძელდება, მათ შეუერთდებიან ბანგლადეში, ეთიოპია და სომალი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება დროებითი არ არის და ენერგეტიკული ბაზარი უახლოეს პერიოდში სტაბილურობას ვერ დაიბრუნებს. ქვეყნები იძულებული იქნებიან, უფრო სწრაფად გადახედონ თავიანთ ენერგეტიკულ პოლიტიკას და უფრო მდგრადი და უსაფრთხო ალტერნატივები მოძებნონ.
წყარო: Financial Times



