„თოლია“ სანაყინეების ქსელს აფართოებს

ბიზნესი 1755164893
თოლია

კომპანია თოლია - Tolia საქართველოს მასშტაბით სანაყინეების ქსელის გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა, ბერდია ბედიაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე „თოლია“ 6 ახალ ფილიალს დაამატებს.

ბედიაშვილის ინფორმაციით, დაგეგმილი 6 სანაყინედან 4 თბილისში გაიხსნება, ხოლო თითო-თითო – რუსთავსა და გორში. ნაწილზე უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კომპანიამ გორში, „გორი მოლში“, ახალი ფილიალი გახსნა.

ამ დროისთვის „თოლია“ ქვეყნის მასშტაბით 30 სანაყინეს ფლობს. კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით, სანაყინეების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

„თოლია“ დღეს ნაყინის ბაზრის ლიდერია და მისი წარმატება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეული მენიუთი და კონცეფციით, რაც კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.

„თოლია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია ნაყინის ინდუსტრიაში. კომპანია, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს მომხმარებელს როგორც ინდუსტრიულ, ისე ჩამოსასხმელ ნაყინებს სთავაზობს.

„თოლიას“ სანაყინეები მომხმარებლებს მდიდარ მენიუს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ვანილის ნაყინი სარგებლობს, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია გაყიდვებში. პოპულარობით მას მოსდევს შოკოლადის ნაყინი.

ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ძლიერი იმიჯია, რომელიც წლების განმავლობაში შექმნა. „თოლია“ საქართველოში ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც 90-იან წლებში მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა, რაც დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ლოიალობას.