იმპორტული მარწყვის 96.4% თურქულია - როგორია 1 კგ-ს საშუალო საიმპორტო ფასი

მარწყვი

2026 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 8.1%-ით შემცირდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანამ 1.589 მლნ დოლარის ღირებულების 1 227 ტონა მარწყვი იყიდა, 2026 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტმა 1.460 მლნ დოლარის ღირებულების 1 051 ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წელს მარწყვის იმპორტი წლიურად 7.7%-ით გაუძვირდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-აპრილში 1 კგ მარწყვის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.29 დოლარი იყო, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში კი 1.39 დოლარი.

„საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილში მარწყვის იმპორტში უდიდესი წილი - 96.4% თურქეთზე მოდიოდა. კერძოდ, ამ ბაზრიდან იმპორტირებულია 1.407 მლნ დოლარის ღირებულების 1 015 ტონა მარწყვის. თურქეთიდან 1 კგ მარწყვის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.38 დოლარი იყო.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში მარწყვის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან. აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 36.3 ათასი დოლარის 25 ტონა მარწყვი, ხოლო პოლონეთიდან 16.2 ათასი დოლარის 10.9 ტონა.

საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის წილი მარწყვის იმპორტში 2.5% იყო, ხოლო პოლონეთის - 1.1%. ამასთანავე, პოლონეთიდან 1 კგ მარწყვის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.48 დოლარი იყო, აზერბაიჯანიდან - 1.45 დოლარი.

ქართული წარმოების მარწყვის ექსპორტი შემცირდა, ღირებულება - გაიზარდა

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე გავიდა 101.9 ათასი დოლარის ღირებულების (28.8 ტონა) ქართული წარმოების მარწყვი, ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებულია 236.1 ათასი დოლარის ღირებულების (127.1 ტონა) მარწყვი. მონაცემები 56.8%-იან კლებას აჩვენებს.

საანგარიშო პერიოდში 89.8%-ით გაიზარდა ქართული წარმოების მარწყვის საშუალო საექსპორტო ფასი. 2026 წლის იანვარ-აპრილში 1 კგ ქართული მარწყვის საშუალო ფასი გადასახადების გარეშე 3.53 დოლარი გახდა, 2025 წლის იმავე პერიოდში კი 1.86 დოლარი იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, წელს მარწყვის ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ სომხეთში განხორციელდა.