1774521770
რომელი კომპანიები ყიდულობენ სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვ-ზე“? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მეორადი სანქციების რისკზე
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სატელევიზიო არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ყიდულობს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევაშია აღნიშნული.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერს, ბრიტანული სანქციები, ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს.
შესაბამისად, TI ვარაუდობს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი.
როგორც ცნობილია, 2026 წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა. ამის მიზეზად კი, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა.
„ბრიტანული სანქციის გავრცელების არეალი ბრიტანეთის იურისდიქციას სცილდება და ის კონკრეტულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს მის ფარგლებს გარეთაც ავრცელებს და მეორადი სანქციის საფრთხეს უქმნის ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესმენს, რომელიც სანქცირებულ სუბიექტთან თანამშრომლობას განაგრძობენ ან მათთან ახალ გარიგებებში შესვლას გადაწყვეტენ. ამდენად, მეორადი სანქციის რისკისა და უზარმაზარი რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, განსაკუთრებით კი - დასავლური საფინანსო სისტემა.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემაც დასავლური სისტემის ნაწილია, ის მის წესებს უნდა დაემორჩილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ბანკებმა (არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“) სანქცირებულ ტელეკომპანიებს ანგარიშები უნდა გაუყინონ და მათ ყველანაირ ფინანსურ სერვისსა და მომსახურებაზე უარი უთხრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საფრთხეს მათსავე ბიზნესს შეუქმნიან.
ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავონ „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე”, - განმარტავს ორგანიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში საუბარია, იმ კომპანიებზე, რომლებიც სარეკლამო დროს ყიდულობენ ამ არხებზე.
მათივე ცნობით, ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა მაუწყებლებს.
„მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.
ვის ემუქრება მეორადი სანქციები?
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარით იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.
რაც შეეხება სარეკლამო დროის შემსყიდველებს, იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია, ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).
მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ: კოკაკოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც.
მოგეხსენებათ, კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, რთულია როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი. ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი“, - აღნიშნავს ორგანიზაცია. იხილეთ სრულად



