გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ივნისში დაასრულებს

სპორტი 1774262637
გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელმა 23 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნაკრების კაპიტანი მედიის წინაშე წარდგა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან, და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად, მარტის შეკრების წინა პრესკონფერენციაზე.

გურამ კაშია: "ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას. ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. 

ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.

უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.

გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია.

უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "გურამ კაშია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისური სცმია. ის იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის — თუ რას ნიშნავს იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი: სიამაყით ატარებდე შენი ქვეყნის მაისურს და უკაპიტნო შენს ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე.

მთელი ფეხბურთის ფედერაციის სახელით, უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. ვამაყობ, რომ შენთან ერთად მომიწია თამაში, შემდეგ კი, ჩვენი ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული ადამიანი იყავი. ყოველთვის მადლიერები ვიქნებით. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა შენთვის და, როდესაც გადაწყვეტ, რომ მზად ხარ, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ გააგრძელებ იმ საქმეში მოღვაწეობა, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურე და შენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთე. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებ საქართველოსთვის".

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი.

გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა.

როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში".

გურამ კაშიას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წელს, თბილისში, მონტენეგროსთან მატჩში შედგა. ამ დროისთვის 38 წლის მცველს 128 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და ანგარიშზე სამი გოლია. საქართველოს ნაკრებმა კაშიას კაპიტნობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის ამხანაგურ შეხვედრაში, კაშიას 129-ე სანაკრებო მატჩი შედგება, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

nakrebi.ge