1774419727
რა რაოდენობით რძის პროდუქტს, პირუტყვს და ხორცს ყიდულობს საქართველო რუსეთში, სადაც ფერმებში ცხოველებს მასობრივად ხოცავენ
რუსეთიდან, სადაც ფერმებში საქონელს მასობრივად ხოცავენ, საქართველოში ცოცხალი ღორების 100% და მსხვილფეხა პირუტყვის თითქმის 40% შემოდის. ასევე დიდი რაოდენობით იმპორტი ხორციელდება როგორც რძის პროდუქტების, ასევე ხორცის.
ცნობისთვის, რუსეთის ფერმებში მსხვილფეხა საქონლის მასობრივად დახოცვის მიზეზად ხელისუფლება ცოფის ან ცხოველების სიკვდილის გამომწვევ ბაქტერიული ინფექციის, პასტერელოზის საფრთხეს ასახელებს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პირუტყვის დახოცვა თურქულის დაავადებას უკავშირდება. აღნიშნულზე წერს Deutsche Welle.
„სოფლის მეურნეობის სექტორის წყაროების ცნობით, საგანგებო ზომების რეალური მიზეზი შესაძლოა, მწვავე გადამდები ვირუსული დაავადების, თურქულის აფეთქება იყოს.
მწვავე გადამდები ვირუსული დაავადების, თურქულის აფეთქება იყოს. პასტერელოზისგან განსხვავებით, თურქულის დაავადება არ იკურნება, ხოლო ვაქცინაცია 100%-იან დაცვას არ იძლევა. კერძოდ, ვაქცინირებული ცხოველები მაინც შეიძლება, დაინფიცირდნენ ან მატარებლები გახდნენ. ვირუსი, ასევე, შეიძლება, სწრაფად გავრცელდეს და ახალ ფერმებს მოედოს. ასეთი გადამდები ინფექციის შესაჩერებლად ინფიცირებული ცხოველები უნდა დაიხოცონ, რაც დღემდე ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება“, - წერს Deutsche Welle.
როგორც ცნობილია, ქვეყნები, სადაც თურქულის დაავადების აფეთქება ვლინდება, ვალდებული არიან, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE) მიმართონ. თუმცა, როგორც DW წერს, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვები თავიდან აიცილოს. ფედერაციაში დაავადების ბოლო აფეთქება ოფიციალურად 2021 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც OIE-მ რუსეთი “თურქულის დაავადებისგან თავისუფალ ქვეყნად“ მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2025 წელს აღიარა.
საქართველოში ცოცხალი ღორების 100% რუსეთიდან შემოდის
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობით რძის პროდუქტები, ცოცხალი ცხოველი და ხორცი შემოდის რუსეთიდან და როგორია მათი წილი მთლიან იმპორტში. (მონაცემები მოიცავს 2026 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდს):
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - 983.9 ათასი დოლარი, მთლიანი იმპორტის 30.4%
- რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 416.7 ათასი დოლარი, მთლიანი იმპორტის 6.5%
- დო, იოგურტი, კეფირი - 731.4 ათასი დოლარი, მთლიანი იმპორტის 22.7%
- ყველი და ხაჭო - 707.6 ათასი დოლარი, მთლიანი იმპორტის 12.1%
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 30.8 ათასი დოლარი, მთლიანი იმპორტის 0.7%
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1.713 მლნ დოლარი, მთლიანი იმპორტის 12.4%
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 565.1 ათასი დოლარი, მთლიანი იმპორტის 39.2%
- ღორები ცოცხალი - 5.572 მლნ დოლარი, მთლიანი იმპორტის 100%.



