ფრინველის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა, ღორის გაიზარდა - საქსტატი

შინაური ცხოველები

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.0%-ით შემცირდა და 870.5 ათასი სული შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის იგივე პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 888.5 ათასი იყო.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს, II კვარტლის ბოლოსათვის, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.8%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება ღორის რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში 175.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის ღორების რაოდენობა 200.7 ათასი ერთეული იყო. ხოლო ფრინველი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონი ფრთა შეადგინა. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში 10.4 მლნ ფრთა იყო.

სტატისტიკის მიხევდით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 21.3 ათასი სული შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში 22.0 ათასი, შესაბამისად, კლება 3.1%-ია; წელს ღორის ექსპორტმა 300 ერთეული, წინა წელს საერთოდ არ განხორციელებულა, ხოლო ფრინველის - 1.510 მლნ ფრთა, 2024 წლის იგივე პერიოდში 3.048 მლნ ერთეული, კლება 50%.

რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსთვის, ქვეყანაში 2.3 ათასი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 4.9 ათასი ერთეული (კლება 53%); წელს საანგარიშო პერიოდში ღორის იმპორტმა 40.9 ათასი ერთეული შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში - 38.3 ათასი (ზრდა 6.7%); ამასთან, წელს საქართველოში 1.877 მლნ ფრთა ქათმის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის II კვარტლის ბოლოს 2.304 მლნ ერთეული (კლება 18.5%).