3 მლნ დოლარის ღირებულების, 50-კარატიანი ბრილიანტი და ისტორიაში ერთ-ერთი უიშვიათესი ნიშნობის ბეჭედი: რა გაარკვია Forbes-მა რონალდუს საჩუქარზე

რონალდუ

როგორც შემფასებლებმა Forbes-ს აცნობეს, ფეხბურთის ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდომ, თავისი დიდი ხნის პარტნიორს ჯორჯინა როდრიგესს აჩუქა ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შესაძლოა, 50 კარატამდე იყოს, რაც უფრო დიდია, ვიდრე მარაია კერის, კიმ კარდაშიანისა და ლორენ სანჩესის ნიშნობის ბეჭდები.

სიახლე ჯორჯინა როდრიგესმა გამომწერებს ორშაბათს გაუზიარა და რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ განაცხადა, რომ წყვილი ოფიციალურად დაინიშნა.

ბრილიანტმა მაშინვე მიიქცია მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. შემფასებლებმა Forbes-ს განუცხადეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი „უიშვიათესი და ყველაზე დახვეწილი ბრილიანტი მსოფლიოში“.

Heritage Auctions-ის საიუველირო ნაკეთობების სპეციალისტმა, კრისტიან სპოფორტმა, განაცხადა, რომ ბრილიანტი ოვალური ჭრილისაა, დაახლოებით 50 კარატია, აქვს D ფერი (შკალაზე ყველაზე მაღალი კლასი) და სავარაუდოდ, VVS1 ან უფრო მაღალი სისუფთავისაა.

ტრადიციული ბრილიანტები ნაწილობრივ ფასდება D-დან Z-მდე შკალით უნაკლოობის მიხედვით. VVS1 სისუფთავის მეორე უმაღლესი კლასია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვას მხოლოდ მცირე დეფექტები აქვს, რომელთა დანახვა გამოცდილი შემფასებლისთვის 10-ჯერადი გადიდების ქვეშაც კი რთული იქნებოდა.

ინტერნეტზე განთავსებული ფოტოებიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა ლითონისგან არის დამზადებული როდრიგესის ბეჭედი, მაგრამ სპოდფორტმა აღნიშნა, რომ “ჩარჩო ელეგანტური, მინიმალისტური და იდეალურად შეხამებულია ქვის ბუნებრივი სილამაზის წარმოსაჩენად“.

გემოლოგმა დებორა ვილპიგმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ცენტრალური ქვა შესაძლოა, 55-დან 60 კარატამდე იყოს და ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.

ვინ შექმნა როდრიგესის ბეჭედი?

ზოგი ვარაუდობს, რომ ის Cartier-მა შექმნა, მაგრამ ჯერ არცერთ იუველირს არ დაუდასტურებია ინფორმაცია.

რა ახსოვს ისტორიას?

ცოტა ვარსკვლავს თუ ხვდა წილად როდრიგესის ნიშნობის ბეჭედზე დიდი ბრილიანტი მიეღო რჩეულისგან. თუმცა, ისტორიას ორი გამორჩეული შემთხვევა ახსოვს:

  • რეპერმა გუჩი მანემ 2019 წელს თავის მეუღლეს, კეშია კა’ოირს, 60-კარატიანი ოვალური ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
  • რიჩარდ ბარტონმა ელიზაბეტ ტეილორს 1969 წელს 69.42-კარატიანი მსხლის ფორმის ქვა აჩუქა. როგორც ამბობენ, ბარტონმა ბრილიანტი Cartier-სგან 1 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც დღეს დაახლოებით 8.6 მილიონი დოლარის ეკვივალენტურია.

Forbes-ის შეფასება

40 წლის რონალდო წელს Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა. არსებული შეფასებით გასულ წელს მან 275 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 2020 წელს ის პირველი აქტიური სპორტსმენი გახდა, რომელმაც კარიერაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

Nike-თან სამუდამო კონტრაქტისა და სხვა სარეკლამო ხელშეკრულებების გარდა, რონალდო მოედნის გარეთ ფულს CR7 ბრენდის ტანსაცმლის, აქსესუარების, სასტუმროებისა და სპორტდარბაზების გაყიდვით გამოიმუშავებს.

რონალდო და როდრიგესი პირველად საჯაროდ 2017 წელს გამოჩნდნენ. ექვსი თვის შემდეგ, ივნისში, რონალდომ სუროგატი დედის მეშვეობით ტყუპები ევა და მატეო გააჩინა. უცნობია რონალდუს პირველი სამი შვილის დედის ვინაობა.

როდრიგესმა რონალდუსთან პირველი შვილი 2017 წლის ნოემბერში გააჩინა და 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ ტყუპებზე იყო ორსულად. ერთ-ერთი ბავშვი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.