საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის - რა ეღირება თბილისი-კოპენჰაგენის ბილეთები

აეროპორტი

თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეისები ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენები მიმდინარე წლის 27 ივნისიდან, კვირაში 2 სიხშირით დაიწყება, რომელსაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია - Norwegian Air Sweden განახორციელებს.

რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ვნახულობთ, ორმხრივი ფრენა საშუალოდ 400 ევრო დაჯდება.

საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის

„2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით.

ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო, 15 აგვისტოდან - ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.

კოპენჰაგენი - თბილისი - კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს კავშირს სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში.

ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებისკენ", - ვკითხულობთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.